საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მამუკა ბახტაძის კანდიდატურას დღეს წარუდგენს პარლამენტს. მას ამისთვის კონსტიტუციით 7 დღიანი ვადა აქვს, თუმცა, დღესვე აპირებს ამ აქტის ხელმოწერას. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ გზით შეასრულებს კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ახლახან საჯაროდ განაცხადა თავისი პოლიტიკური პოზიციის შესახებ - ის თვლის, რომ მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა წარმოედგინა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა. ანა ნაცვლიშვილმა აგრეთვე განმარტა: "მოცემულ ვითარებაში ეს არის პრეზიდენტის ვალდებულება, ეს არ არის მისი არჩევანი. მას არ აქვს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობა". საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: "საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას".
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი