Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში აპროტესტებენ ქვეყნისთვის სახელის შეცვლას


საპროტესტო გამოსვლები სკოპიეში. 2018 წლის 17 ივნისი
საპროტესტო გამოსვლები სკოპიეში. 2018 წლის 17 ივნისი

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ქვეყნისთვის სახელის შეცვლის წინასწარი გადაწყვეტილება. 17 ივნისს ღამით, დემონსტრანტებმა გაარღვიეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული ჯებირები და პოლიციელებს ქვები და პეტარდები დაუშინეს. საპასუხოდ, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ტელეოპერატორი და 7 პოლიციელი. დაკავებულია 11 დემონსტრანტი.

17 ივნისს, მაკედონიის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრემიერ-მინისტრების, ზორან ზაევის და ალექსის ციპრასის თანდასწრებით, საბერძნეთში მდებარე პრესპას ტბის სანაპიროზე ხელი მოაწერეს წინასწარ შეთანხმებას, რომლის თანახმად, საბერძნეთი მეზობელ მაკედონიას აღიარებს ახალი სახელით, „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“. შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს ორივე ქვეყნის პარლამენტმა. გარდა ამისა, მაკედონიამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი სახელწოდების შეცვლის საკითხზე.

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის დავა 1991 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ყოფილი იუგოსლავიის ამ რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კონფლიქტის მიზეზია საბერძნეთის შემადგენლობაში ასეთივე სახელწოდების, მაკედონიის ოლქის არსებობა. 27 წლიანი უთანხმოების გამო, გაეროში მაკედონიის ოფიციალური სახელწოდებაა „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.“ სახელთან დაკავშირებული უთანხმოების გამო საბერძნეთი ბლოკავს ევროკავშირსა და ნატოში მაკედონიის გაწევრიანებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG