Accessibility links

აშშ ტოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს


ნიკი ჰეილი

აშშ-მა გადაწყვიტა დატოვოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ საბჭოს უწოდა ფარისევლური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებზე ზრუნავს და ადამიანის უფლებებს სასაცილოდ იგდებს. ამერიკელმა დიპლომატმა საბჭო დაადანაშაულა ისრაელისადმი ქრონიკულად მიკერძოებულ დამოკიდებულებასა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა დაცვაში. ნიკი ჰეილის შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე არაჰუმანური რეჟიმები დიდი ხანია გაურბიან მათი ქმედებების ყურადღებით შესწავლას. „შეხედეთ საბჭოს წევრების შემადგენლობას და დაინახავთ საშინელ უპატივცემულობას ძირითადი უფლებებისადმი“ - განაცხადა ჰეილიმ და მაგალითად მოიყვანა ვენესუელა, ჩინეთი, კუბა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამასთან, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ რეფორმირების შემთხვევაში, აშშ საბჭოში დაბრუნდება. ერთი-ერთი რეფორმა, რომელსაც ვაშინგტონი მოითხოვს, ადამიანის უფლებების ყველაზე უხეშად დამრღვევი ქვეყნების გარიცხვის წესის გამარტივებაა.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, მოულოდნელი არ ყოფილა. კომისრის შეფასებით, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გათვალისწინებით აშშ-მა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს უფლებების დაცვაში ნაცვლად ამ საქმისგან ჩამოშორებისა. ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო წუხილი გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა. მისი განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG