Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვის კიდევ ერთ საქმეს


საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა. ბათუმი, 2018 წლის 20 ივნისი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“

სადავო ნორმით, დასჯადია ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით, უკანონო შეძენა და შენახვა და სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. მოსარჩელეები მსჯავრდებულნი არიან დიდი ოდენობით (0,00000126 გრამი და 0,0003 გრამი) ნარკოტიკული საშუალების, მეტამფეტამინის(მარილი) უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და სასჯელის სახედ შეფარდებული აქვთ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით.

მოსარჩელეთა განცხადებით, „მეტამფეტამინს არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც, მისი ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება 1 გრამს წარმოადგენს დიდ ოდენობას.“ მათივე განმარტებით, „0,00000126 გრამს და 0,0003 გრამს იწონის მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილი ანაფხეკები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მათი მოხმარება, შეუძლებელია.“ მოსარჩელეთა პოზიციით, „დასახელებული ოდენობების მეტამფეტამინის შეძენა და შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას, რის გამოც აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აშკარად არაპროპორციული სასჯელია და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.“

ერთ-ერთი მომჩივანის წარმომადგენელმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლი კრძალავს არაჰუმანური, ადამიანის ღირსების შემლახველი სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოყენებას. გიორგი გოცირიძის განმარტებით, როცა სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან შედარებით ზედმეტად მკაცრია, ის არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.

„დავის საგანს წარმოადგენს ის, რომ დიდ ოდენობად მიიჩნევა 0,00000126 გრამი მეტამფეტამინის მარილი, რომელიც არის თვალით უხილავი, მიკროსკოპით ხილვადი ძალიან მცირე ოდენობის საშუალება და მისი არათუ გასაღება, პირადი მიზნებისთვის მოხმარებაც კი შეუძლებელია“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ. მისივე თქმით, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა 0,0009 გრამ დეზომორფინთან დაკავშირებით, როცა სასამართლომ თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტს. „ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად აღარ განიხილოს და განმწესრიგებელ სხდომაზევე ცნოს დამძლევ ნორმად და არაკონსტიტუციურად“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გოცირიძემ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG