Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგი ბათილად ცნო სააპელაციო სასამართლომაც


ანდრეი ნესტასეს მხარდამჭერთა აქცია. კიშინიოვი, 2018 წლის 21 ივნისი
ანდრეი ნესტასეს მხარდამჭერთა აქცია. კიშინიოვი, 2018 წლის 21 ივნისი

მოლდავეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კიშინიოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მერის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ მერობის ორივე კანდიდატმა კანონმდებლობა დაარღვია, რადგან ამომრჩევლებს სოციალური ქსელებით მიმართა კენჭისყრის დღეს და გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე.

კიშინიოვის მერის არჩევნებში გამარჯვებული პროევროპელი პოლიტიკოსი ანდრეი ნესტასე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისი განცხადებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს მოუწოდებდა მხოლოდ საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ. ნესტასე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოლდავეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. „ქვედა ინსტანციის სასამართლოები გაერთიანდნენ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც ეშინიათ პროევროპული, ანტიოლიგარქიული და დემოკრატიული ძალების და ჩვენს შესაჩერებლად ყველა საშუალებას იყენებენ“ - განაცხადა ანდრეი ნესტასემ. მან მერის არჩევნების შედეგის გაუქმებას უწოდა კიშინიოვის მოსახლეობის, მოლდავეთის და დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. კიშინიოვში 20 ივნისიდან მიმდინარეობს ანდრეი ნესტასეს მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები მოითხოვენ მერის არჩევნებში ნესტასეს გამარჯვების აღიარებას.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც მაისში ჩატარდა, ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, 3 ივნისს გამართულ მეორე ტურში კი პროევროპული პარტიის, „ღირსების და სიმართლის“ ლიდერმა, ანდრეი ნესტასემ ხმების 52%-ით მოუგო რუსეთთან მჭიდრო კავშირების მომხრე „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატს, იონ ჩებანს. მას მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 47%-მა. კენჭისყრის შედეგები სასამართლოში გაასაჩივრეს სოციალისტებმა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ნესტასეს მხარდასაჭერად აგიტაციას ეწეოდნენ პოლიტიკოსები რუმინეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რაც მოლდავეთის კანონმდებლობით აკრძალულია.

ევროკავშირმა და აშშ-მა კიშინოვის მერის არჩევნების შედეგის გაუქმება შეაფასეს დემოკრატიისთვის სახიფათო ნაბიჯად და ამომრჩევლის ნების უგულვებელყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG