Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბასიანის" დამფუძნებელი შსს-ს განმარტებას სიცრუეს უწოდებს


კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია უარყოფს შსს-ს განცხადებას, რომ „ბასიანში“ მიმდინარეობს არა ჩხრეკა, არამედ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით.

„შემოუსლია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ოღონდ, ამ შემთხვევაში თურმე, რაღაც საბუთებზე არიან შემოსულები. ავრცელებენ თავისი მედიასაშუალებებით მტკნარ სიცრუეს, რომ თითქოს ორი მხარის შეთანხმებით მოხდა ეს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ტატო გეთიამ. მისი შეფასებით, „ეს არის გაგრძელება იმ წნეხის, იმ კამპანიის და მასკარადის, რაც ბასიანის წინააღმდეგ თვეები წარმოებდა და დაგვირგვინდა შავი პარასკევით.“ ტატო გეთიას ინფორმაციით, განჩინებაში წერია ჩხრეკა, თუმცა შსს-ს თანამშრომლები ჯერჯერობით არაფერს ჩხრეკენ და უბრალოდ, სხედან.

მანამდე, კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზვიად გელბახიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ „ბასიანის ოფისში შ.ს.ს შემოვიდა, ჩხრიკავენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანა შოუ არ დამთავრებულა.“

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რამდენიმე მედიასაშუალებას, მათ შორის „ინტერპრესნიუსს,“ „ნეტგაზეთს“ და პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ „არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი.“

12 მაისს ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩაატარა „საგამოძიებო მოქმედებები“ ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ. კლუბებში შევიდნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები. პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე. შსს-მ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ შენობებში სპეცრაზმის შესვლის მიზეზად დაასახელა ოპერატიული ინფორმაცია ადგილზე ნარკოტიკის გასაღების შესახებ. ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის გამო, 12-13 მაისს თბილისში გაიმართა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG