Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის კოშმარი და რეალობა


ავტორი: დავით ჯინჭარაძე

დღეს დამესიზმრა, რომ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ სიზმარშივე კოშმარის გრძნობა დამეუფლა - მე ხომ დავამთავრე სკოლა, მაგრამ მაინც მიწევს მერხთან ჯდომა და სტრესის განცდა. არც კი ვიცი, როდის დამთავრდება სკოლა. გაღვიძებისას, დავრწმუნდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და სკოლაში აღარავინ წამიყვანს - მე ჩემი 12 წელი მოვიხადე, ახლა სხვისი ჯერია. იატაკზე დამხვდა გატეხილი ჭიქა, რომელიც ძილში კოშმარისგან ჩამომიგდია. ის ნაწილებად დაიშალა, როგორც ახალგაზრდას ნერვული სისტემა 12 წლის შემდეგ. ჭიქაზე წაწერილი “work” (მუშაობა) კი ვეღარ ამოვიკითხე. ალბათ ეს იმის ნიშანია, რომ 12 წლიანი მუშაობა დამთავრდა, მაგრამ ტვინი ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია ამ აზრს, ან უკვე სტუდენტობისთვის ემზადება. დღეს კი უბრალოდ იხსენებს, ამ წლების მანძილზე, რა არ მოსწონდა მრავალტანჯულ ტვინს ქართულ სკოლებში?

პირველი კითხვა, რაც დავუსვი საკუთარ თავს: რამ გვიქცია ახალგაზრდებს სკოლის წლები კოშმარად? არა, მასწავლებლებს ხელს ნუ დაადებთ. ზოგადად, საქართველოს განათლების სისტემის ბრალია. ეს არის სისტემა, რომელშიც მინისტრი იცვლება ყოველ წელს, მაგრამ სწავლების მეთოდები უკვე საუკუნეზე მეტია, იმავე დონეზე რჩება. ეს არის სისტემა, რომელიც მეოცე საუკუნეში ჩამოაყალიბეს, რომელიც განვითარებული ქვეყნების ნაწილმა უკვე ჩამოიშორა, მაგრამ საქართველოში ამის გაკეთებას არ აპირებენ. ხან ვაშლებს გვირიგებენ, ხან რელიგიის გაკვეთილების შემოღებას გვთავაზობენ, ხანაც - ბულინგის აღმოფხვრას გვპირდებიან. როცა ყველაფერი დაწყნარდება, ალბათ გაგვიხარდება, რომ აღარავინ შეეწირა ჩვენი სკოლების გაუმართავ მოქმედებას. დაგვავიწყდება, რომ სკოლაში ფიზიკის ფორმულებს ვიზეპირებთ, აზროვნებას კი არ ვსწავლობთ. არც ის გაგვახსენდება, რომ ქვეყანაში სოციალური პრობლემებია, ჩვენ არც კი გვეცოდინება, რა ხდება. სამაგიეროდ, ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილი ხომ ყველას კარგად გვასწავლეს?

შეიძლება ასეც იყოს: მარიანის ღრმული ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილია. მაგრამ არც ჩვენი სკოლების დონე აღემატება ამ ღრმულს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებითაც კი წაკითხულის გააზრების დაბალი მაჩვენებელი აქვს. ეს სტატისტიკა მხოლოდ იმიჯის გასაფუჭებლად არავის მოუგონია: ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ წაკითხული ტექსტის გააზრება, ყველაზე ადვილად სამართავები არიან ნებისმიერი მთავრობისთვის. მათ არ აქვთ კრიტიკულად განსჯის უნარი. რამდენჯერაც არ უნდა ჩაუტარდეთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილი, ისინი ვერ დაინახავენ პარტიების მავნე პოლიტიკას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი იქცევიან ქართული ოცნების (ან სხვა ნებისმიერი პოპულისტური პარტიის) გაუცნობიერებელ ელექტორატად, ან საერთოდაც არ მივლენ არჩევნებზე. არ გაეცნობიან პარტიის ეკოლოგიურ, სოციალურ, ან თუნდაც ეკონომიკურ პოლიტიკას - მანამ, სანამ პოლიტიკოსები იტყვიან “ადრე თუ გვიან, შეგიყვანთ ევროკავშირში”, ან “პენსია ათი ლარით გაიზრდება” კმაყოფილები იქნებიან. იწუწუნებენ, რომ უმცირესობები უმრავლესობას გვართმევენ უფლებებს, სინამდვილეში კი თავად იქნებიან უმცირესობაში. უბრალოდ, ამასაც ვერ მიხვდებიან და მსოფლიოსკენ ღია ფანჯარას კარგად ჩარაზავენ. ასეთი ხალხი დასცინის ამერიკელებს, მათ ხომ ზოგადი განათლება არ აქვთო, თუმცა ვერ შეამჩნევენ, რომ ქართველისთვის ასეთი საამაყო “განათლების” მიუხედავად, აშშ ჩვენზე წინ დგას.

მაგრამ თუკი ადამიანი, რომელიც ვერ აანალიზებს წაკითხულის შინაარს, მაინც ცოცხალი ორგანიზმია, ქართული განათლების სისტემა მოსწავლის სიცოცხლის გარანტიებსაც ვერ მოგცემთ. ეს არის მსოფლიოში უნიკალური სისტემა, რომელიც სკოლას ზოოპარკად გადააქცევს: შემოიყვანს პატრულს, მანდატურებს, გააკონტროლებს მასწავლებლებს, მოსწავლეებს. დადგამს კამერებს და მოსთხოვს მასწავლებლებს 40 წუთში მსოფლიოში საუკეთესო ღია გაკვეთილის ჩატარებას. ოღონდ, ზოოპარკისგან განსხვავებით, სადაც წითელ წიგნში შესული ცხოველების დაცვას ახერხებენ, განათლების მინისტრები მოსწავლეებს ვერ დაიცავენ. ეს ლოგიკურიც კია: შეუძლებელია დაიცვა ადამიანი მეორე ადამიანისგან, თუკი ბავშვობიდან არ ასწავლე სხვისი პატივისცემა. მკვლელს არ სჭირდება თოფი, ის სასადილო დანითაც შესძლებს სხვისი სიცოცხლის ხელყოფას. როცა მკვლელზე ვსაუბრობ, ახალგაზრდებზე მეტად განათლების სისტემას ვგულისხმობ - ზუსტად ისაა მკვლელი. თანაც, მას არ სჭირდება არც თოფი და არც დანა - ის მხოლოდ არსებობთა და უმოქმედობით კლავს ახალგაზრდებს, “მეფედრონზე” უკეთ. “დამნაშავე უნდა დაისაჯოს” - მაგრამ ვინ დასჯის მთავარ დამნაშავეს, განათლების რუხ კარდინალს?

ეს სისტემა რომ თავზე გვენგრევა, უკვე შევთანხმდით. საინტერესოა, რა მესიჯები მოდის ამ დროს განათლების სფეროში მოღვაწე პოლიტიკოსებისგან. პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, რელიგიის შესახებ საკუთარ წარმოდგენებს გვახვევს ახალგაზრდებს. “მე ეკლესიისთვის ეს გავაკეთე”, “მე ვმსახურობ ერსა და ესკლესიას”, “შემოვიღოთ რელიგიის სწავლება”... მაგრამ ჩვენთვის რა გააკეთეთ? ჩვენთვის, ვინც პირველ კლასში ჯერ კიდევ ჩვილებად მოვედით სკოლაში და ვინც მეთორმეტე კლასის ბოლოს მოუთმენლად ცდილობს სკოლიდან დაღწევას? ჩვენ შეგვიძლია, საკმარისი განათლება გვქონდეს, რომ რელიგია და მრწამსი დამოუკიდებლად ავირჩიოთ ისევე, როგორც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ხედვები. ჩვენ არ გვჭირდება იმ ადამიანის პოზიცია ასეთ საკითხებზე, რომელიც საკუთარ, ამქვეყნიურ საქმესაც ვერ აკეთებს ხარისხიანად და მარადიულობაზე ბედავს საუბარს. როგორ შეიძლება, ერის სულიერებაზე იფიქრო, თუ ერის სიცოცხლესა და განათლებას ვერ უზრუნველყოფ? კი ბატონო, ილოცეთ თქვენთვის, თუკი დახმარება არ შეგიძლიათ - მაგრამ ჩვენ მაინც დაგვაცადეთ.

ალბათ, ღამე ტვინს სკოლის თორმეტი წელი არაერთხელ შეაწუხებს. მშობლებიც მეუბნებიან: ჩვენს დროსაც, სკოლას რომ ვამთავრებდით, სულ გვესიზმრებოდა სკოლაო. როგორც წესი - უარყოფით კონტექსტში. იმის მერე არაფერი შეცვლილა: მხოლოდ საბჭოთა კავშირი დიანგრა, ისიც ოფიციალურად. ჩვენს ცნობიერებაში ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ჩვენი ტვინიც აღიარებს მის არსებობას განათლების სისტემაში. ამბობენ, ღამის კოშმარი მხოლოდ კოშმარად დარჩება, იმიტომ რომ ჩვენი წილი სკოლის კატორღაუკვე მოხდილია. თუმცა არა - ასე მგონია, ამ ღამის კოშმარებს არა მხოლოდ ძილში, არამედ ტელევიზიითაც ვიხილავთ, როგორც ადრე ვხედავდით. უბრალოდ დაზარალებულად უკვე სხვა ხალხს დავინახავთ. მანამ, სანამ ეს სისტემაც არ დაინგრევა...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG