Accessibility links

ფიფა იძიებს შვეიცარიის ნაკრების ორი ფეხბურთელის "პოლიტიკურ ჟესტებს"


ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა დაიწყო გამოძიება შვეციარიის ნაკრების ორი მოთამაშის მიმართ. ამის მიზეზია ის, თუ როგორ აღნიშნავდნენ ისინი სერბიის ნაკრების კარში გატანილ გოლებს. თუკი მათ ჟესტებში პოლიტიკურ სიმბოლიკას აღმოაჩენენ, გრანიტ ჯაკა და ჯერდან შაჩირი შეიძლება ორი მატჩით იქნენ დისკვალიფიცირებული.

შვეიცარიის ნაკრების ორივე ფეხბურთელი ეთნიკური ალბანელია და მათი ნათესავები ცხოვრობენ კოსოვოში, რომლის დამოუკიდებლობასაც არ ცნობს სერბია. სერბიის ნაკრების კარში გატანილი გოლების შემდეგ ჯაკამ და შაჩირიმ მკერდზე გადაიჯვარედინეს ხელები და ასე გამოსახეს ალბანეთის გერბი - ორთავიანი არწივი.

სერბიის ნაკრების მწვრთნელ მლადენ კრსტაიჩის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება მისი გამონათქვამების გამო. საქმე ეხება მატჩის მსაჯის მიმართ მის კრიტიკას. კრსტაიჩი გამოვიდა წინადადებით, მსაჯი „გაიგზავნოს ჰააგაში, რათა ჩვენსავით გაასამართლონ“. იგი გულისხმობდა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლო პროცესებს, რომლებსაც სერბიაში ბევრი უსამართლოდ მიიჩნევს.

შვეციარიის ნაკრებმა 22 ივნისს კალინინგრადში ანგარიშით 2:1 დაამარცხა სერბიის ნაკრები. ჯერჯერობით ორივე გუნდი ინარჩუნებს მერვედფინალში გასვლის შანსს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG