Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ ერდოანი გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაიმარჯვა 24 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში. საბჭოს ხელმძღვანელის, სადი გუვენის ინფორმაციით, ერდოანმა ხმათა უმრავლესობა მიიღო. გუვენმა ჟურნალისტებს ზუსტი მონაცემები არ დაუსახელა და განმარტა, რომ ოფიციალურ შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ. თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, რეჯეპ თაიპ ერდოანს 52,5% აქვს, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, მუჰარემ ინჯეს კი 31%.

ერდოანს გამარჯვება უკვე მიულოცეს აზერბაიჯანის და ბელორუსიის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

24 ივნისს თურქეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც, რომლის წინასწარი შედეგებით, ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ ხმების 42% მიიღო, მასთან ალიანსში მყოფმა, ულტრამემარჯვენე „ნაციონალისტურმა მოძრაობამ“ კი 11%. თურქეთის „რესპუბლიკურ პარტიას“ მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთ 23%-მა. 10%-იანი ბარიერი გადალახა პროქურთულმა „სახალხო-დემოკრატიულმა“ პარტიამ. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 87% შეადგინა. თურქეთში არჩევნები 2019 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პრეზიდენტ ერდოანის გადაწყვეტილებით, 17 თვით ადრე ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG