Accessibility links

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" ჯერჯერობით 33 პირი შეიყვანეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ 21 მარტს მიღებული რეზოლუციის საფუძველზე, მთავრობამ მოამზადა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია,“ რომელშიც ჯერჯერობით შეყვანილია 33 პირი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამთავრობო დადგენილება ეხება ძალიან მტკივნეულ, პრინციპულ და ქვეყნის ღირსების საკითხს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სიაში შეიყვანეს ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. ბახტაძის ინფორმაციით, ამ პირებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ 1991 წლიდან დღემდე ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული. მამუკა ბახტაძის განმარტებით, დღეს წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები გამოძიებას აგრძელებენ და სია შესაძლოა, გაიზარდოს.

„ამავე დროს, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად“ - განაცხადა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, განისაზღვრა აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას მოჰყვეს რეალური შედეგები. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ყველაფერს გააკეთებს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის საფუძვლიანად გამოძიებისთვის და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლის აღსრულება ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელების და დანაშაულის დამფარავთა მიმართ.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ საჯარო გახდება პარლამენტში გაგზავნის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი აქ

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG