Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ბულგარეთში აფხაზური დელეგაციის "ვიზიტს"


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ბულგარეთში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების ჩასვლას კერძო ხასიათი ჰქონდა.

„აღნიშნულის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია ბულგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აფხაზების შეხვედრებს არავითარი საერთო არ აქვს ბულგარეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან და შესაბამისად, მათ მიერ ხელმოწერილ ნებისმიერ დოკუმენტს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია“ - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი განცხადებით, ბულგარეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც არაერთხელ აისახა საჯარო განცხადებასა თუ ოფიციალურ დოკუმენტში. სამინისტროს განმარტებით, ქართული მხარე განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ოკუპირებული რეგიონების არაღიარების მიმართულებით, რაშიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

25 ივნისს, სააგენტო აფსნიპრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ბულგარეთში იმყოფებოდნენ. სოხუმში დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პალატის ხელმძღვანელმა, თამილა მირცხულავამ განაცხადა, რომ გასულ კვირაში, სამუშაო ვიზიტი შედგა ქალაქ ვარნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით და მისი მიზანი იყო მეწარმეთა შორის კონტაქტების დამყარება და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება. მირცხულავას ინფორმაციით, მათ ვარნაში უჩვენეს ფილმი აფხაზეთის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის განცხადებითვე, ფილმის ჩვენების შემდეგ ბულგარელმა მეწარმეებმა დასვეს შეკითხვები ლოგისტიკის, დაზღვევის და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ და გამოითქვა მოსაზრება, რომ ბულგარეთი შესაძლოა, აფხაზი მეწარმეებისთვის გახდეს ერთგვარი „ფანჯარა ევროპაში.“ მირცხულავას ინფორმაციით, აფხაზური დელეგაცია „ბულგარეთის კერძო მეწარმეობის კავშირის“ მიწვევით იმყოფებოდა სოფიაშიც, სადაც ხელი მოაწერეს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შეთანხმებას. მირცხულავას განცხადებითვე, შეხვდნენ კომპანია „ბიოზონის“ წარმომადგენლებსაც და განიხილეს აფხაზეთში ერთობლივი, სოფლის მეურნეობის საწარმოების შექმნის იდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG