Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის შეხვედრა დატოვეს


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა. ოკუპირებული რეგიონიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თავიდანვე დააყენეს ულტიმატუმი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ უნდა განხილულიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.

„საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება გამოყენებულ იქნა რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის. მათ ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟის და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამოღება“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, ეს მოთხოვნა მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რადგან მისთვის პრიორიტეტული საკითხია გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულება. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ქართული მხარის ამ განცხადების შემდეგ, რუსეთის და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა აფხაზური მხარის მონაწილეობის შეწყვეტა გალის და ჟენევის შეხვედრებში, ანთაძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მოვლენათა განვითარებას უნდა დაელოდონ.

26 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გამოქვეყნების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა და ასეთი შედეგის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მამუკა ბახტაძეს დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG