Accessibility links

უკრაინის სახალხო დამცველი ოლეგ სენცოვთან ისევ არ შეუშვეს


უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა კოლონიის ჭიშკართან. 2018 წლის 28 ივნისი

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ კვლავ უშედეგოდ სცადა რუსეთის საპატიმროში მყოფ უკრაინელ რეჟისორთან, ოლეგ სენცოვთან შეხვედრა. დენისოვას ინფორმაციით, მან და რუსეთის დუმის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვამ ერთი თვითმფრინავით იმგზავრეს იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის ქალაქ ლაბიტნანგიმდე, თუმცა, უშუალოდ კოლონიასთან, მოსკალკოვას ავტომანქანამ დემონსტრაციულად ჩაუარა და საპატიმროს ტერიტორიაზე შევიდა. მოსკალკოვას წარმომადგენელმა, ალექსეი ზლოვედოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველს ოლეგ სენცოვის მონახულების საკითხი რუსულ მხარესთან შეთანხმებული არ ჰქონდა და დაგეგმილი არ ყოფილა ომბუდსმენების მიერ პატიმრის ერთობლივად მონახულება. ლუდმილა დენისოვას ოლეგ სენცოვთან შეხვედრის უფლება არც ივნისის შუა რიცხვებში მისცეს.

თავის მხრივ, ტატიანა მოსკალკოვამ სააგენტო ტასს განუცხადა, რომ დღეს შეხვდა ოლეგ სენცოვს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტელევიზორით უყურებს ფეხბურთს და ახალ ამბებს და ფილმის სცენარს წერს. მოსკალკოვას თქმით, სენცოვმა უარი თქვა შიმშილობის შეწყვეტის თემის განხილვაზე

ოლეგ სენცოვი 14 მაისიდან შიმშილობს რუსეთის საპატიმროებში მყოფი უკრაინელების გათავისუფლების მოთხოვნით. კიევში მიიჩნევენ, რომ რეჟისორის მდგომარეობა მძიმეა და უკრაინის ომბუდსმენს სწორედ ამის გამო არ აძლევენ სენცოვთან შეხვედრის უფლებას.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG