Accessibility links

ოსური მხარე "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" საპასუხო ზომებით იმუქრება


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შეაფასა კიდევ ერთ უპასუხისმგებლო მოქმედებად და განაცხადა, რომ ოფიციალურ თბილისს ეშინია გააცნობიეროს „მეზობელი სახელმწიფოების - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინაშე ჩადენილი დანაშაული“ და არ სურს მათთან ურთიერთობების მოგვარება. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 2 ივლისს, საღამოს გამოქვეყნებული კომენტარით, საქართველოში პერმანენტულად არასტაბილური შიდაპოლიტიკური სიტუაცია იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ თბილისმა გადაწყვიტა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდებისთვის და მოქმედი ხელისუფლების პოპულისტური ინტერესებისთვის. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, თბილისის მოქმედება ცინიზმია გასული საუკუნის 90-იან წლებში, სოფლებში ძარსა და ერედვში ქართველების მიერ ოსების მასობრივი მკვლელობის და 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალის დაბომბვის ფონზე. ამავე განცხადების თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებული სანქციები სასიკეთოდ არ აისახება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გარემოზე და გაართულებს მუშაობას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. „შექმნილ პირობებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იტოვებს უფლებას შესაბამისი ზომები გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის მიმართ. სასურველია, რომ დღევანდელ „ევროპული ტიპის საქართველოში“ გააცნობიერონ, რომ სამართლიანობა და მართლმსაჯულება გარდაუვალია და თავის დროზე მოძებნის მათ, ვინც ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა“ - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG