Accessibility links

საპატრიარქო „ემიჯნება" „ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას“


საპატრიარქო უარყოფს მიტროპოლიტ იობის კავშირს „ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობასთან“. საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილი ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) ლოცვა-კურთხევით არ იმართება.

„როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახან გახდა ცნობილი, ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ. 2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით.

კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. ეს არის საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობის“ გამართვის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუში გაზეთს რუის-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარმა, მამა გიორგი აბდუშელიშვილმა უთხრა, რომ ყრილობა 6 ივლისს, 18 საათზე გაიმართება, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით.

„თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყრილობის მოთხოვნებს ყურად არ იღებს, უზენაესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის მონაწილეობით ახალ საარჩევნო კანონმდებლობას არ მიიღებს და ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს შემოდგომაზე არ დანიშნავს, მაშინ ეროვნული ყრილობა ქართველ ხალხს მიტინგებისა და დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს! სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობით მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა იმარჯვებენ“, – განუცხადა „ასავალ-დასავალს“ რუის-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარმა, მამა გიორგი აბდუშელიშვილმა. მისი განმარტებით, „ყრილობის სათავეებთან დგანან ერის ღირსეული შვილები - ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, პროფესორიმზია სულაძე, პროფესორიპაატა გიორგაძე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, გიგლა გობეჩია, ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი და სხვები.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG