Accessibility links

ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის სისტემაში ტენდერების გამო პარლამენტს მიმართავს


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა გაავრცელა სპეციალური განცხადება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული შესყიდვების იმ შემთხვევებზე, როცა „ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირთან დაკავშირებული ორგანიზაცია აღმოჩნდა.“ რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა, თუმცა, „ირკვევა, რომ არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს ამ ტიპის შემთხვევების არსებობას წარსულში, ისევე, როგორც მათი გამეორების შესაძლებლობას.“

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ როგორც ამ კონკრეტულ, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საზიანო სხვა შესაძლო შემთხვევებს და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება შესყიდვების მოქმედი პრაქტიკისა და კანონმდებლობის დახვეწისკენ იმ ნაწილში, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვიუნარიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პირებთან, ან კომპანიებთან „კანონიერმა“ თანამშრომლობამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნდობაზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ საზოგადოებაში სრულიად დამსახურებულად სარგებლობს და აქედან გამომდინარე, წარმოქმნას ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, ასევე მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ” - ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგეს და სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ. დევრიშაძე 2010 წელს, „ენვერის“ სახელით ცნობილი სპეცოპერაციისას დააპატიმრეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოსთან თანამშრომლობის ბრალდებით. დევრიშაძეს, რომელმაც ბრალი აღიარა, 2011 წელს გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება.

3 ივლისს, პეტრე დევრიშაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ სპეცოპერაცია „ენვერი“ იყო სპექტაკლი და მოვა დრო, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინება. დევრიშაძისთქმით, მისი კომპანია თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კანონის სრული დაცვით მონაწილეობდა და მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მედიით შექმნილი აჟიოტაჟი კი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG