Accessibility links

49 ორგანიზაცია საქართველოს მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მიმართავს


ნატოს სამიტამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში მომუშავე 49 არასამთავრობო ორგანიზაცია ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მხარდაჭერისთვის მიმართავს: „ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თხოვნით მივმართავთ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გზების შესახებ იმსჯელოს“. ხელმომწერი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხისადმი და აგრეთვე იმ სირთულეებს, რაც საქართველოს „შეხვდა ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გამო“. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება აღიარებს იმ სიკეთეებს, რაც ნატოში ინტეგრაციის პროცესმა მოუტანა ქვეყანას და იმ გამოწვევებსაც, რაც ქვეყნის შიგნით და საგარეოპოლიტიკურ ასპარეზზე უდგას. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის მიმართვაში წერენ: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას. ის გააძლიერებს როგორც ალიანსის სამხრეთი ფლანგის უსაფრთხოებას, ისე დემოკრატიის ფრონტს, წაახალისებს რა რეფორმატორებსა და დემოკრატიულ ძალებს საქართველოს საზღვრებს მიღმა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება მომდევნო გაბედული ნაბიჯი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ“. 49 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ „იმ საფრთხეებისა და გამოწვევების კონტექსტში, რომელთა წინაშეც თავისუფალი სამყარო დგას, უმნიშვნელოვანესია 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, რათა ნატომ, როგორც მეგობრების, ისე მოწინააღმდეგეების თვალში, დაადასტუროს ალიანსის ერთობა და მისი ერთგულება საკუთარი ფუძემდებლური პრინციპების მიმართ“. ჩრდილოატლანტიკური საბჭოსადმი მიმართვა ასე სრულდება: „ახლა, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანების გზას შესძენს სიცხადეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიცხადე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესებშია“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG