Accessibility links

თბილისის მერმა დასრულებულად გამოაცხადა მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა


კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა და კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს მუშაობა მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე და დოკუმენტი საკრებულოს გაეგზავნება. კალაძის თქმით, „დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, სრულად იქნა გაზიარებული.”

თბილისის მერის განმარტებით, შენიშვნები შეეხებოდა განხორციელების გზებს, ეტაპებს, საკუთრების საკითხებს, რუკის დახვეწას და კანომდებლობასთან ზონირების შესაბამისობას, თუმცა, ერთობლივი მუშაობით და “სითი ინსტიტუტის,” თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ხარვეზი მაქსიმალურად აღმოიფხვრა.

„დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები, დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით. უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა ქაოსური განაშენიანებისა და გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. ეს არის ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა“, - განაცხადა კალაძემ. მისი ინფორმაციით, გენერალურ გეგმაში
გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა. კახა კალაძის ინფორმაციით, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა. თბილისის მერის შეფასებით, დოკუმენტი პასუხს სცემს თბილისის პრაქტიკულად, ყველა ძირითად გამოწვევას.

„რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელისმოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია და გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომელიც მიახლოებულია სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და მორგებულია რეალობას“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ათეული წელია თბილისის განაშენიანების პროცესი მიშვებულია და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტი ბაზისია, რომელიც თბილისის დღევანდელ და მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ შესაძლებლობას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ.

კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის აპრილში წარმოადგინა. მერიამ დოკუმენტი გააკრიტიკა და კომპანიას ორი თვე მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG