Accessibility links

დადასტურდა დიდ ბრიტანეთში "ნოვიჩოკით" მოწამვლის ახალი ფაქტი


დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ არიან მოწამლულნი ქალაქ ეიმსბერის მცოვრებნი, 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი. წყვილი 30 ივნისს, თავის საცხოვრებელ სახლში უგონოდ აღმოაჩინეს და ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდაპირველად ექიმებმა ივარაუდეს, რომ როული და სტერჯესი ნარკოტიკული ნივთიერებით მოიწამლნენ, თუმცა, სპეციალურ ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ განიცადეს ზემოქმედება იმავე ნივთიერებისა, რომელიც გამოყენებული იყო სკრიპალების წინააღმდეგ. ეიმსბერი მდებარეობს 11 კილომეტრში ქალაქ სოლსბერიდან, სადაც მარტის დასაწყისში, რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. მათი მოწამვლის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. კრიტიკული მდგომარეობიდან სკრიპალების გამოყვანას და გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ შეიმუშავეს მსგავს შემთხვევებთან გამკლავების სპეციალური მეთოდები, რომლებსაც ამჟამად როულის და სტერჯესის გადასარჩენად იყენებენ.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა ეიმსბერის ინციდენტს უწოდა სკრიპალებზე ბარბაროსული თავდასხმის გაგრძელება. საქმეს იძიებს პოლიციის კონტრტერორისტული სამსახური. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ჩარლი როულის და დონ სტერჯესის ბიოგრაფიაში არ არსებობს მინიშნებაც კი, რომ მათ შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ სპეცსამსახურებთან. პოლიცია ვარაუდობს, რომ წყვილზე თავდასხმა არ მომხდარა და მათ ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებასთან შემთხვევითი კონტაქტი ჰქონდათ. თუმცა, გამომძიებლებისთვის ჯერჯერობით უცნობია „ნოვიჩოკის“ გავრცელების წყარო. დადგენილია, რომ როული და სტერჯესი 29 ივნისს იმყოფებოდნენ ქალაქ სოლსბერიში, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, არ მიახლოებიან სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ქიმიურად დაბინძურებულ ადგილებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG