Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩის“ ლიდერს ზოოპარკი სირაქლემას ვერ ათხოვებს


„გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თბილისის ზოოპარკი სირაქლემას ვერ ათხოვებს, რადგან ზოოპარკს სირაქლემა არ ჰყავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მზია შარაშიძემ: „სირაქლემა არ გვყავს ზოოპარკში. გვყავს ემუ, რომელიც ჰგავს სირაქლემას, მაგრამ სხვა სახეობაა. ავსტრალიაშია გავრცელებული (სირაქლემა აფრიკაში ბინადრობს). არც თავს რგავს მიწაში. ისედაც, ძალიან აგრესიული ფრინველია და მისი ასე სადმე გადაყვანა შეუძლებელია. ის არ არის მიჩვეული, რომ სადღაც ჩასვა და გადაიყვანო, ამიტომ მისი დაჭერა, ან დაძინება, სადღაც წაყვანა და მოყვანა სრულიად გამორიცხულია, რადგან შეიძლება დაიღუპოს სტრესისგან“.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ზოოპარკის დირექტორს სირაქლემას სთხოვა. წერილში, რომელიც მან ზურაბ გურიელიძეს მისწერა, მითითებულია, რომ სირაქლემა მას საქალაქო სასამართლოს სხდომისთვის სჭირდება, რომელიც 13 ივლისს უნდა გაიმართოს. ზურაბ ჯაფარიძეს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება, რომელსაც პოლიციის განცხადებით, ადგილი ჰქონდა 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე: „გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად, რომელიც არ იმჩნევს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას... გთხოვთ, ნახევარი საათით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა. როგორც კი გვექნება თქვენი დასტური, ჩვენვე ჩავაყენებთ საპატრულო პოლიციას საქმის კურსში, რომ სირაქლემის ტრანსპორტირების დროს თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო ექსცესი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG