რუსეთის სასამართლომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დააჯარიმა იმის გამო, რომ ის თითქოს არ დაემორჩილა რუსეთის კანონს მედიასაშუალებების შესახებ, რომლებიც მთავრობის მიერ მიჩნეულია „უცხოეთის აგენტებად“.
5 ივლისს მოსკოვის საოლქო სასამართლომ რთე/რთ-ს დააკისრა 100 ათასი რუბლის (1600 აშშ დოლარის) გადახდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ უკუაგდო კომპანიის ადვოკატის მოთხოვნა მოსმენის გადადების შესახებ.
რთე/რთ აცხადებს, რომ ის განიხილავს, რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება გადადგას. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონის დარღვევებს საბოლოოდ შეიძლება მოჰყვეს რთე/რთ-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და საფრთხე შეექმნას მისი თანამშრომლების საქმიანობას რუსეთში.
რთე/რთ-ის პრეზიდენტმა ტომას კენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დასჯა „არის ახალი მწვავე ესკალაცია რუსეთის მოქმედებების წყებაში, რომლის მიზანია კომპანიის მუშაობის დაბრკოლება და რუსეთში მისი თანამშრომლების მიმართ ეჭვის გაღვივება“.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რვა თვით ადრე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რთე/რთ, ამერიკის ხმა და მათთან დაკავშირებული რიგი სხვა მედიასაშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა.
ასეთი ნაბიჯი ემყარება კანონს, რომელსაც ნოემბერში მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს ასეთი კატეგორია მიანიჭოს მედიასაშუალებებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
დაწერეთ კომენტარი