Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატი


ბათუმი
ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე მსჯელობენ. წინასწარი ინფორმაციით, სხდომა 15 საათისთვის დასრულდება და გაირკვევა, დღეს დასახელდება თუ არა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. აჭარის კონსტიტუციით, კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უმაღლეს საბჭოში არჩეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის გარდა, "ქართულ ოცნებაში" განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი. ამასთან, რამაზ ბოლქვაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია პირველად ესმის, სულხან ღლონტმა კი გვითხრა, რომ მასთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატურას თავადაც დაასახელებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა "ევროპული საქართველოდან" პეტრე ზამბახიძემ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, არ წარადგინოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სანამ კონსულტაციებს არ გამართავს რეგიონის მოსახლეობასა და სამოქალაქო სექტორთან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 და თითო-თითო „ევროპულ საქართველოს,“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG