Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ჭუბერის ხეობაში ვითარება 24 საათის განმავლობაში კონტროლდება


მამუკა ბახტაძე ჭუბერში. 2018 წლის 6 ივლისი
მამუკა ბახტაძე ჭუბერში. 2018 წლის 6 ივლისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭუბერის ხეობაში სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა, რომ სრული მობილიზებაა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საკვებით, წყლით და მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად და საგანგებო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. ბახტაძის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო 6 ხიდი. „ტექნიკა მობილიზებულია და ველოდებით, რომ წყლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, სახიფათო ადგილებიდან გამოყვანილია რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს.

“წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, დაცლილია. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ თავიანთი ნივთები გამოიტანონ სახლებიდან, მაგრამ გზის კაპიტალურ შეკეთებას ვერ დავიწყებთ, სანამ წყლის დონე არ დაიწევს. ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო მეტად გამორეცხვა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, ვერტმფრენი მორიგეობს და სიტუაცია მუდმივ კონტროლზეა, რათა წყლის დონის მომატების შემთხვევაში მიღებული იყოს დამატებითი ზომები. „ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG