Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის ზონაში მოქცეულ სოფელ ლეკლმახეში დახმარებას ითხოვენ


დახმარებას ითხოვენ სოფელ ლეკლმახეს მკვიდრნი, ჭუბერის ხევიდან. რადიო თავისუფლება ესაუბრა სოფლის მკვიდრს, ქეთო დადეშქელიანს, რომელიც ამბობს, რომ სოფელში საკმაოდ რთული ვითარებაა და 11 ოჯახი მოწყვეტილი გარესამყაროს: „დღეს დილით გამთენიისას შევიკრიბეთ მთელი სოფელი მეზობლის, სოსო ჩხეტიანის საშველად, ჩვენი ძალებით, ჩვენი ტრაქტორით. მეზობლის სასტუმრო მთლიანად წაიღო წყალმა. წყალმა წაიღო მისი საქონელიც. ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენს სოფელში ჯერ არ გამოჩენილან მაშველები. რამდენიმე სახლი სერიოზული საფრთხის ქვეშა. არანაირი გარანტია არ არის, რომ ამაღამ წყალი ამ სახლებსაც არ წაიღებს. არავინ იცის წყალი კალაპოტს კიდევ როგორ შეიცვლის და ვის სახლს წაიღებს. მდინარესთან ბრძოლა ძალიან ძნელია. გზა ფაქტიურად არ არის. დედამთილის წლისთავზე სტუმრები იყვნენ ჩამოსულები თბილისიდან და უკან ვეღარ გაბრუნდნენ, 30-მდე კაცია ჩემ სახლში ჩარჩენილი. ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს, რომ მთა კიდევ ჩამოწვაო, ამიტომ არ ვიცით, კიდევ როდის მოვარდება წყალი. არც ელექტროენერგია გვაქვს“.

ჭუბერში იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, პრემიერ-მინისტრმა სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი მღებრიშვილთან ერთად ვერტმფრენით დაათვალიერა სტიქიის ზონა: “საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წყლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს“.

უხვი ნალექის შედეგად, 5 ივლისს ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე ნენსკრის ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ათობით სახლი, გზები და ხიდები წაიღო, რის გამოც გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მდინარე ნენსკრის კალაპოტში დასაბრუნებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. წინასწარი მონაცემებით, ჭუბერის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად, მთლიანად განადგურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG