Accessibility links

ცნობილია მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი


მთავარი პროკურორობის კანდიდატებად დასახელდნენ შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი. მათი კანდიდატურები საპროკურორო საბჭოს წარუდგინა არა საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, არამედ მისმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოხსენიებულია როგორც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

ნინო გოგნიაშვილი და შალვა თადუმაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინეს, ხოლო შალვა შავგულიძე პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის.“ შალვა შავგულიძე ამჟამად პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, შალვა თადუმაძე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. დამტკიცებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

კანონის თანახმად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეული იყოს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო და აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ. სულ დასახელებული იყო 18 კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG