Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნოვიჩოკით" მოწამვლის საქმის გამოძიება მკვლელობის მუხლით გაგრძელდა


დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მკვლელობის საქმე აღძრა ქიმიური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლული 44 წლის დონ სტერჯესის გარდაცვალების გამო. ივნისის ბოლოს მოწამლული სტერჯესი 8 ივლისს გარდაიცვალა ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში.

დონ სტერჯესის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრეს ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ შეძრწუნებულია სტერჯესის გარდაცვალებით. მეიმ აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს და პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური მუშაობენ ფაქტების სწრაფად დასადგენად. დონ სტერჯესის სიკვდილს შოკისმომგვრელი ტრაგედია უწოდა დიდი ბრიტანეთს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საჯიდ ჯავადმა. მისი განცხადებით, გამომძიებლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა მოითხოვა დამნაშავეთა დაუყოვნებლივ დადგენა და დასჯა. საქმეს სკოტლენდ-იარდის კონტრტერორისტული სამსახური იძიებს.

ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებნი, 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი 30 ივნისს, თავის საცხოვრებელ სახლში უგონოდ აღმოაჩინეს და ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად ექიმებმა ივარაუდეს, რომ ინტოქსიკაციის წყარო ნარკოტიკული ნივთიერება იყო, თუმცა, სპეციალურ ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ წყვილი მოწამლული იყო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ რუსული წარმომავლობის ამ ნივთიერებით მარტის დასაწყისში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. მათზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. კრიტიკული მდგომარეობიდან სკრიპალების გამოყვანას და გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ქალაქი ეიმსბერი სოლსბერის მახლობლად მდებარეობს. გამოძიებით დადგენილია, რომ 29 ივნისს, როული და სტერჯესი სოლსბერის მაღაზიებსა და პარკში იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG