Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს-მ დაადასტურა, რომ სმითების ოჯახის სამიდან ორი წევრი მოკლულია


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხადის ხეობაში გაუჩინარებული სმითების ოჯახის ორი წევრი, მამა და 4 წლის შვილი მოკლულია, დედა კი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მ.კ. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შსს-ს მიერ 9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, „6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.“ შსს-ს ცნობითვე, პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები, შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს და სოფელ წკერეში აღმოაჩინეს დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები. სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს ხევში, ჩანჩქერის პირას გარდაცვლილი იპოვეს 1976 წელს დაბადებული ლ.ს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

„გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს-ს და მის შვილს, ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“ - ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს. ისინი 4 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG