Accessibility links

ზვიად კუპრავას წარუდგინეს ბრალდება სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით


ზვიად კუპრავა

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე, სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალი წაუყენეს ამ მუხლის მეორე, უფრო მძიმე ნაწილით, რომელიც ჯარიმის, ან გამასწორებელი სამუშაოს გარდა ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. კუპრავამ მედიის წარმომადგენლებს წაუკითხა წინადადება ბრალდებიდან, რომლის თანახმად, „პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება.“

„ამას მედავებიან, რომ თურმე სხვა პირის თეფშიდან გავაგრძელე ჭამა. ეს არის ცირკი. გაუგებარია, აქ რატომ დამიბარეს, იმიტომ რომ სხვისი თეფშიდან გავაგრძელე ჭამა?! კარგით, თუ ეს არის ჩემი დანაშაული, ვაგებ ამაზე პასუხს, იმ პირს, ვისი თეფშიდანაც შევჭამე, დავუბრუნებ იმ ხორცს. ეს არის მარაზმი", - განაცხადა კუპრავამ.


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ზვიად კუპრავა 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კუპრავას შეუფარდა ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ინციდენტი სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას მოხდა სასადილოში, სადაც სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავას სხდომაზე დაბრუნება მოთხოვეს, სადილის დასრულების მოტივით კუპრავასგან მიღებული უარის შემდეგ კი, სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG