Accessibility links

სამიტის წინ ტრამპი კვლავ აკრიტიკებს ნატოს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატოელი მოკავშირეები და მათი თავდაცვითი ხარჯები, რამდენიმე დღით ადრე მანამ, სანამ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის მნიშვნელოვან სამიტში. მისი წინამორბედი პრეზიდენტების მსგავსად, ტრამპიც გამოხატავს უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ ნატოს თავდაცვის ხარჯების ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის. თუმცა, ტრამპი ამ კრიტიკას ყველაზე მწვავედ გამოთქვამს, როგორც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ისე თეთრ სახლში ყოფნისას. ამასთან, ტრამპს კითხვები აქვს ნატოს ფუნდამენტურ პრინციპთანაც - რომ ერთ წევრზე თავდასხმა მთელს ალიანსზე თავდასხმად უნდა ჩაითვალოს. "აშშ ნატოსთვის ყველა სხვა ქვეყანაზე მეტს ხარჯავს. ეს უსამართლოა და მიუღებელი" - წერს ტრამპი 9 ივლისს.

"მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედი, ეს ქვეყნები ზრდიან თავიანთ შენატანებს, თუმცა მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ" - ამბობს ტრამპი და დასძენს, ნატოს ევროპისთვის გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე აშშ-სთვისო. ნატოს წევრი ქვეყნები პირობას დებენ, რომ 2024 წლისთვის თავდაცვას თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს დაახარჯავენ, თუმცა ჯერჯერობით სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც ეს მიზანი მიღწეული აქვს, ან მასთან ახლოს არის. იმ ფონზე, როცა ვაშინგტონსა და მის რამდენიმე უახლოეს მოკავშირეს შორის სავაჭრო სფეროშიც არის უთანხმოება, სავარაუდოა, რომ ბრიუსელის სამიტი შესაძლოა მღელვარე გამოდგეს. სამიტის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ტრამპი ჰელსინკიში მიემგზავრება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. აშშ-ის მოკავშირეების შეშფოთებას ეს შეხვედრაც იწვევს.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG