Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრის შესაძლო ჩაშლაზე წინასწარ საუბარს შეუძლებლად მიიჩნევს


ერგნეთი
ერგნეთი

ერგნეთში, ინციდეტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დაწყებამდე თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე განწყობილია კონსტრუქციული დიალოგისა და ყველა, მათ შორის მტკივნეული თემების განსახილველად, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და პრინციპული, კონსოლიდირებული პოზიცია ცალკეული საკითხების მიმართ.

რადიო თავისუფლებამ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელს ჰკითხა, გადასცა თუ არა ოსურ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნათარგმნი და დამოწმებული ვარიანტი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ერგნეთში წინა შეხვედრაზე არ მიუღიათ. „რა თქმა უნდა, ჩვენ გავაზიარეთ მათთვის სიანტერესო ყველა დოკუმენტი, ისინი იცნობენ ამ დოკუმენტს და ვფიქრობ, ეს საკითხი მათ მხრიდან მოხსნილი უნდა იყოს“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. რაც შეეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას,“ ანთაძის თქმით, ამ საკითხზე შეფასებები უკვე გაკეთებულია და თუ შეხვედრის მონაწილეებს კვლავ გაუჩნდებათ კითხვები, ქართული მხარე მზად არის პასუხის გასაცემად. ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ გახდება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დღევანდელი შეხვედრის ჩაშლის საბაბი, ირაკლი ანთაძემ უპასუხა, რომ ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია.

27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ უკმაყოფლო აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მოითხოვეს დღის წესრიგიდან ამოეღოთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და თბილისის დელეგაციის უარის შემდეგ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG