Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოაქვეყნა ოჯახურ ძალადობაზე რეაგირების სტატისტიკა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. შსს-ს ცნობთვე, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი. ამავე პერიოდში გაცემულია 3292 შემაკავებელი ორდერი, რაც ორჯერ აღემატება 2017 წლის მთლიან მონაცემს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 7%-ს შეადგენს შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

2018 წლის დასაწყისიდან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 სამსახურიდან დაითხოვეს. კანონქვემდებარე აქტებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი იარაღი ჩამოერთმევა.

შსს-ს ცნობითვე, მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება.

რაც შეეხება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს, 2018 წლის 6 თვეში დაკავებულია 50-ზე მეტი პირი, რაც 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკური მონაცემების გარდა გამოაქვეყნა ინფორმაცია „სიდას“ ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ადევნების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებაც. შსს-ს განცხადებით, ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის გამო, რამდენიმე მოწმე დაიკითხა მაგისტრატ მოსამართლესთან. „მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ. გამოძიება გრძელდება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“ - აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG