Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი იწყებს კონსულტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან იწყებს კონსულტაციებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. კონსულტაციები 12 საათიდან დაიწყება. ამ დროისთვის დასახელებულია ერთადერთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე. 29 წლის რიჟვაძე „ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. ოპოზიციური პარტიები გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, ალტერნატიული კანდიდატურა წარმოადგინოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს. მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო ორი კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას, რომელსაც კენჭი ეყრება ორი კვირის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 და თითო-თითო „ევროპულ საქართველოს,“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს დატოვა ზურაბ პატარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG