Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის სააგენტო ჭუბერის სტიქიაზე ანგარიშს აქვეყნებს


დასახლებული ტერიტორია ღვარცოფის შემდეგ
დასახლებული ტერიტორია ღვარცოფის შემდეგ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოამზადებს ანგარიში, რომელშიც ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრის აუზში სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებზეა ლაპარაკი.

  • უხვი ატმოსფერული ნალექი;
  • მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის ფონზე თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიური პროცესი;
  • ჭარბნალექიანობის გამო მეწყრულ-გრავიტაციული უბნებისა და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება მდინარე ოკრილის ხეობაში.

გარემოს დაცვის სააგენტო წერს, რომ ოკრილის დინების ქვედა წელიდან ნენსკრის შესართავამდე ღვარცოფულმა ნაკადებმა მყარი ნატანი და მოგლეჯილი ხე-მცენარეები წამოიღო და წყლის ნაკადების შეგუბებები წარმოქმნა. მათი მოცულობის ზრდამ და შემდეგ გარღვევის შედეგად წარმოქმნილმა ენერგიის ხარჯმა კი ნენსკრის დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით კი დასახლებულ ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

სტიქიამ დაანგრია ან დააზიანა მდინარის ჭალაში არსებული სახლები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა ხიდები, დაზიანდა საავტომობილო გზა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელ რეკომენდაციად ასახელებენ, რომ ნენსკრის აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. მათივე განცხადებით, საჭიროა მდინარე ნენსკრის აუზისთვის შემუშავდეს ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკები. მდინარე ნენსკრის ხეობის დასახლებებში სასწრაფოდ უნდა მოხდეს მდინარეთა კალაპოტების გაწმენდა/რეკონსტრუქცია წყლის 1%-იანი უზრუნველყოფის ხარჯის გათვალისწინებით. საცხოვრებელი სახლების აშენებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვა/დაპროექტებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული სამშენებლო და გარემოსდაცვითი, მათ შორის წყალდაცვითი ნორმები და წესები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG