Accessibility links

საქართველო OGP-ის მმართველ კომიტეტს რეზოლუციის მიღებას სთავაზობს


თბილისის ფილარმონიაში ოფიციალურად გაიხსნა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი. მასში მონაწილეობენ OGP-ის წევრი 76 ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისის სამიტის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი განცხადებით, საქართველომ, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, ოთხი მთავარი მიზანი დაისახა - მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო სერვისების მიწოდებაში ინოვაციების დანერგვა და ღია მმართველობის პარტნიორობის, როგორც ინიციატივის გაძლიერება. ბახტაძის თქმით, საქართველო, ისევე, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სხვა ქვეყნები, კვლავ გამოწვევების წინაშეა, ამიტომ OGP-ის მმართველ კომიტეტს სთავაზობს რეზოლუციის მიღებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეზოლუციაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას.

OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა, 2017 წელს კი საფრანგეთისგან გადაიბარა OGP-ის თავმჯდომარეობა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG