Accessibility links

საბერძნეთმა რუსეთი უპატივცემულობაში დაადანაშაულა


საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა უპატივცემულობასა და ბერძნული პოლიტიკის ფასეულობების არცოდნაში. ათენის პროტესტი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ 18 ივლისს გაკეთებულ განცხადებას, რომ საბერძნეთიდან რუსი დიპლომატების გაძევება ათენის ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორების უძლიერესი ზეწოლის შედეგია. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზახაროვას განცხადებას უწოდა სხვა ქვეყნისადმი უპატივცემულობის მაგალითი და არცოდნა თანამედროვე მსოფლიოსი, სადაც სახელმწიფოებს, მათი სიდიდის მიუხედავად, შეუძლიათ აწარმოონ დამოუკიდებელი, მრავალმხრივი და დემოკრატიული საგარეო პოლიტიკა.

საბერძნეთმა 11 ივლისს განაცხადა, რომ აძევებს ორ რუს დიპლომატს და კიდევ ორს ქვეყანაში ჩასვლას უკრძალავს. მათ ადანაშაულებენ საბერძნეთის საშინაო საქმეებში ჩარევასა და სახელმწიფო მოხელეთა მოსყიდვაში. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ათენი ცდილობდა ამ პირთა მოქმედება არ დაეკავშირებინა რუსეთის ოფიციალურ საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა, ზახაროვას განცხადება საპირისპიროზე მეტყველებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG