Accessibility links

თურქეთში პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციური გამოცემის ჟურნალისტს


სტამბოლის სასამართლომ 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet-ის ჟურნალისტ ქალს, ქანან ქოსქუნს. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო იუსტიციის ორგანოების წარმომადგენლებისთვის საფრთხის შექმნაში. სტამბოლის სასამართლომ ტერორიზმთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი პირის სამიზნედ გადაქცევად შეაფასა ჟურნალისტის რეპორტაჟი ორი პოლიტიკური აქტივისტის ადვოკატების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ, რომელშიც ქანან ქოსქუნმა დაასახელა პროკურორის და მოწმეების გვარები. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა საფრთხე შეუქმნა ამ პირთა სიცოცხლეს. თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ქანან ქოსქუნის დაპატიმრება შეაფასეს თავისუფალი პრესისთვის გამოტანილ კიდევ ერთ განაჩენად. 2018 წლის აპრილში, თურქეთის სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის ბრალდებით, ორიდან რვა წლამდე პატიმრობა მიუსაჯა გაზეთ Cumhuriyet-ის 15 თანამშრომელს. უფრო ადრე თურქეთში დააპატიმრეს კიდევ რამდენიმე ოპოზიციური გამოცემის ჟურნალისტები, რომლებსაც ბრალად დასდეს კავშირი აშშ-ში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწესთან, ფეთულა გიულენთან. თურქეთის ხელისუფლება გიულენს მიიჩნევს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად. თავად გიულენი ამ ბრალდებას უარყოფს და პრეზიდენტ ერდოანის მხრიდან შურისძიებად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG