Accessibility links

უფლებადამცველები მოითხოვენ საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს მეშახტეთა დაღუპვის ფაქტები


ადამიანის უფლებათა დამცველმა ათამდე ორგანიზაციამ პარლამენტს მიმართა, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ბოლო 12 წლის განმავლობაში, ტყიბულში, კომპანია „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევას და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ გასულ 3 თვეში მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 10 და დაშავდა 11 ადამიანი.

„2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, ხოლო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ განხადებაში. მას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ღია საზოგადოების ფონდი, სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი, ახალგაზრდა სოციალისტები, თანასწორობის მოძრაობა, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და კავკასიური სახლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG