Accessibility links

აშშ-ში თაღლითობისთვის დაკავებულთა შორის ქართველებიც არიან


ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში ფულის გათეთრების და თაღლითობის ბრალდება წაუყენეს 25 პირს, რომელთა უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელია. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულთა შორის 5 ქართველია - ქეთევან სეფიაშვილი, რომან ელიოზაშვილი, მიხეილ ინაძე, თენგიზ ხუხიაშვილი და გოჩა პაპოშვილი. ქართველების გარდა დაჯგუფების წევრები იყვნენ ლატვიელები, აზერბაიჯანელები, რუსები და ყაზახები. მათ გარდა ბრალდებულნი არიან ამერიკელი მიშელ ლევინსკი და თურქი მევლუთ იაზისი. 11 ბრალდებული ნიუ-იორკში დააკავეს, სამი ფლორიდასა და მიჩიგანში, რამდენიმე კი იძებნება.

ნიუ-იორკის პროკურატურის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები 2016 წლის ნოემბრიდან ახორციელებდნენ თაღლითურ ოპერაციას, კერძოდ, თავს ასაღებდნენ ავტომანქანების დილერებად და კოლექციონერებად და აუქციონებსა და სპეციალურ ინტერნეტსაიტებზე რეკლამას უწევდნენ გასაყიდად გამოტანილ კლასიკურ ავტომობილებს. დაინტერესებულ მყიდველს ფასზე შეთანხმების შემდეგ აგზავნიდნენ ყალბ სატრანსპორტო კომპანიაში, რომელსაც მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემდეგ კლიენტისთვის ავტომანქანა უნდა მიეყვანა. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე დაჯგუფების წევრები ბანკის სხვადასხვა განყოფილებაში იღებდნენ არაუმეტეს 10 000-10 000 დოლარს, რადგან ამ თანხაზე მეტის გატანის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია ფინანსთა სამინისტროს აცნობოს. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ფულს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რიცხავდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურმა სქემამ მოტყუებული მყიდველები დააზარალა საერთო ჯამში 4,5 მილიონი დოლარით. თითოეულ ბრალდებულს თაღლითობისთვს 30 წლით, ხოლო ფულის გათეთრებისთვის 20 წლით პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG