Accessibility links

ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ სავაჭრო კონფლიქტის მოგვარებაზე


ჟან-კლოდ იუნკერი და დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 2018 წლის 25 ივლისი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს ორ უმსხვილეს ეკონომიკურ პარტნიორს შორის ბოლო ხანს წარმოქმნილი სავაჭრო კონფლიქტის მოგვარებას. იუნკერის განცხადებით, ევროკავშირი და აშშ უარს იტყვიან ახალი საბაჟო გადასახადების დაწესებაზე სულ მცირე მოლაპარაკების დასრულებამდე. ტრამპის ინფორმაციით, ევროკავშირი გაზრდის ამერიკული სოიოს და თხევადი გაზის იმპორტს და უფრო ინტენსიური გახდება ვაჭრობა ქიმიური და ფარმაკოლოგიური მრეწველობის და მომსახურების სფეროებში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამომავლოდ დაეგმილია სამრეწველო პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის საერთოდ გაუქმება.

მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ აშშ და ევროკავშირი ერთად იმოქმედებენ, მსოფლიოში იქნება მეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ტრამპის ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში უმსხვილესი - ტრილიონ დოლარად შეფასებული სავაჭრო ურთიერთობები სწორედ აშშ-ს და ევროკავშირს აქვთ და ორივე მხარის სურვილია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკელების და ევროპელების კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიღწეულია შეთანხმება, რომ ერთად იმუშავებენ სამრეწველო პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების საერთოდ გასაუქმებლად, გარდა საავტომობილო მრეწველობისა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას კარგი და კონსტრუქციული უწოდა. იუნკერის განცხადებით, დაიწყება ერთობლივი მუშაობა სავაჭრო შეთანხმებების რეფორმირებაზე და გადაიხედება ფოლადის და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ბაჟი.

აშშ-ისა და ევროკავშირის სავაჭრო კონფლიქტს სათავე დაუდო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, 1 ივნისიდან საბაჟო გადასახადით იბეგრება ევროკავშირიდან იმპორტირებულ ალუმინი(10%) და ფოლადი(25%). საპასუხოდ ევროკავშირმა ბაჟი დაუწესა ამერიკულ პროდუქციას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG