Accessibility links

გუბერნატორები პოსტებს ტოვებენ, სოზარ სუბარი კი ახალ თანამდებობას იკავებს


სოზარ სუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებებიდან გაათავისუფლა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულები აკაკი მაჭუტაძე, ლევან ზაუტაშვილი, ლევან შონია, გრიგოლ ნემსაძე და კახა სამხარაძე. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ხუთი რეგიონის და იმერეთის ახალი გუბერნატორები უახლოეს ხანში დაინიშნებიან. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა რამდნიმე თვის წინ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა გივი ჭიჭინაძემ, რომელიც ვანის და ხონის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და გურიის გუბერნატორები ირაკლი ქადაგიშვილი, არჩილ ჯაფარიძე და მერაბ ჭანუყვაძე.

სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების უმეტესობის თანამდებობიდან გათავისუფლება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმით ახსნა, რომ „იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვის და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით.“

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითვე, რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს სოზარ სუბარი. მამუკა ბახტაძის განმარტებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. „ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი შეფასებით, დღემდე მოქმედი რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა რეგიონებში არსებულ გამოწვევებს. ბახტაძის თქმით, მთავრობის ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისა და ცხოვრების დონის ხარისხობრივად გაუმჯობესებისკენ, ამიტომ უფრო ეფექტური ურთიერთკავშირისთვის ახალი სამსახური უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. „დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე სოზარ სუბარს ეკავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობა. ეს სამინისტრო მთავრობის სტრუქტურის შეცვლის შედეგად გაუქმდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG