Accessibility links

საბერძნეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს


ხანძრით განადგურებული საკურორტო სოფელი მატი

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ათენის შემოგარენში ხანძარი განზრახ გააჩინეს. მინისტრის მოადგილის, ნიკოს ტოსკასის განცხადებით, ამ ვარაუდს ამყარებს მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. ტოსკასის ინფორმაციით, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების საფუძველზე გამოტანილი დასკვნით, ათენიდან დასავლეთით, ერთი გზის გასწვრივ მოკლე დროში გაჩნდა ერთდროულად რამდენიმე ხანძარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოძიების სხვა დეტალები არ დაასახელა, თუმცა, დაადასტურა, რომ ჯერჯერობით არცერთი ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ. ნიკოს კოსტასის თქმით, ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა, თუმცა, არ გამორიცხა, რომ არასწორად იმოქმედეს მეხანძრეებმაც.

ათენის შემოგარენში, 23 ივლისს გაჩენილი ხანძრი სწრაფად გავრცელდა რამდენიმე ქალაქზე. დაიღუპა სულ მცირე 83 ადამიანი. ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ათენიდან 40 კილომეტრში მდებარე საკურორტო სოფელი მატი. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა ცეცხლით მოცული ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლო და კვამლით დაიხრჩო. ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ მატიდან ხალხის ევაკუაცია, საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანტონის ცანაკოპულოსმა უპასუხა, რომ ეს ვერ მოესწრო, რადგან მატიში ხანძარი მხოლოდ საათნახევარს გაგრძელდა და ცეცხლი უსწრაფესად გავრცელდა ქარის გამო, რომლის სიჩქარე საათში 120 კილომეტრი იყო. ათენის შემოგარენში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა სტიქიის მასშტაბმა შედარებით იკლო. გასულ საღამოს ძლიერმა წვიმამ ცეცხლის კერები ნაწილობრივ ჩააქრო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG