Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი: ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბიზნესის ლეგალურ ჩარჩოში მოქცევა


სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

„ადვილია შეფასებები, როცა ერთ მხარეს არის სიკეთე და მეორე მხარეს არის ბოროტება, ერთ მხარეს არის სიმართლე და მეორე მხარეს არის ტყუილი, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება და ზუსტად ასეთ ვითარებასთან გვაქვს ამჯერად საქმე“, - განაცხადა რეგიონალური მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სუზარ სუბარმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

მისი შეფასებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან მიმართებით ხელისუფლების ქმედებები და პოლიტიკა ჭუბერსა და ხაიშში არის აბსოლუტურად სწორი, სამართლიანი და კანონიერი, თუმცა, სოზარ სუბარის განცხადებით, სიმართლე არის იმ ადამიანების მხარესაც, რომლებიც მთლიანად ხე-ტყით ვაჭრობით მიღებულ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. „ეს არის დღევანდელი პრობლემა. მესტიის რაიონის ქვედა სოფლების უმრავლესობა ხე-ტყის დამუშავების გამო დაფუძნდა და საბჭოთა პერიოდშიც ეს იყო მთავარი შემოსავალი“.

სოზარ სუბარის თქმით, ამ ბიზნესში ჩართულია ათეულობით და, შეიძლება ითქვას, ასეულობით ოჯახიც კი. ზოგი გადაზიდვითაა დაკავებული, ზოგი ჩეხს და ზოგსაც სახერხი აქვს... ეს არის ადგილობრივთა ერთადერთი შემოსავლის წყარო და ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ბიზნესის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა.

მაგალითად, ხაიშში სავალი გზა, საავადმყოფო, სკოლა, სახლები, მიწები 1 ლარად აქვს გადაცემულ კომპანია„ტრანს ელექტრას“. ასეთ პირობებში შეუძლებელია ლეგალურად აკეთოს ადამიანმა საქმე, ვინაიდან მიწა, რომელზეც სახერხი დგას, მისი არ არის და ვერ ახერხებს ლეგალიზაციას. ასეთი ბევრი მაგალითია. „ჩვენი პირველი ამოცანაა, იმ დონეზე, რაც დასაშვებია, ჭრა და დამუშავება მოვახდინოთ ლეგალურ ჩარჩოებში, სადაც არ არის დასაშვები, იქ შევთავაზოთ ალტერნატიული სამუშაოები“,უთხრასოზარ სუბარმა, რადიო თავისუფლებას.

სოზარ სუბარი 27 ივლისს ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. მისი თქმით, დაახლოებით 10 დღეში ის ადამიანები, ვისაც პრობლემების გადაჭრა ხელეწიფება, მთავრობასთან ერთად ჩავლენ ხაიშშიდა პრობლემის მოგვარების გრძელვადიან გზებზე იმუშავებენ.

ხაიშში 26 ივლისს მოეწყო გამოსვლა, რომლის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა იქ შესვლის გამო გამოთქვამდნენ პროტესტს. 26 ივლისსს ფინანსთა სამინისტროში ბრიფინგზე ითქვა, რომ „საგამოძიებო სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა გამოვლინების, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით“. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ელგანდაშვილის განმარტებით, ხაიშში სპეცრაზმის შეყვანა საჭირო გახდა იმისათვის, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული და მათ სრულყოფილად საქმიანობისშესაძლებლობა მისცემოდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG