Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ აკრიტიკებს მედიას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეხვედრისას გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ გამომცემელს, არტურ გრეგ სულცბერგერს აუხსნა რატომ უწოდებს მედიას ხალხის მტერს. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ იყო ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა და დიდი დრო დაუთმო საუბარს მედიის მიერ გავრცელებული ფეიკის უზარმაზარ რაოდენობაზე და იმაზე თუ, როგორ იქცა ეს ცრუ ინფორმაცია მის ფრაზად: "ხალხის მტერი."

პრეზიდენტის ამ კომენტარის შემდეგ სულცბერგერმა განაცხადა, რომ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ გამომცემლების და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრების ტრადიციის შესაბამისად, მათი საუბრის შინაარსიც არ იყო განკუთვნილი საჯაროდ გამოქვეყნებისთვის, მაგრამ დონალდ ტრამპის განცხადებამ შეხვედრა საჯარო სიბრტყეზე გაიყვანა. სულცბერგერის თქმით, პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირ უთხრა, რომ ლაპარაკის მანერას, რომელსაც მედიის მიმართ იყენებს, არა მხოლოდ განხეთქილება შემოაქვს, არამედ სულ უფრო საშიში ხდება. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ გამომცემლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ მოხსენიებულ „ფეიკს“ არასწორად და ზიანის მომტანად მიიჩნევს, გაცილებით შემაშფოთებელია ჟურნალისტების ხალხის მტრად გამოცხადება. სულცბერგერის ინფორმაციით, ტრამპი გააფრთხილა, რომ ასეთი პროვოკაციული რიტორიკა ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საფრთხის გაზრდას, ძალადობას გამოიწვევს და განსაკუთრებით საზიანოა სხვა ქვეყნებისთვის, სადაც ზოგიერთი რეჟიმი მედიის წინააღმდეგ მასშტაბური რეპრესიების გამართლებისთვის იყენებს აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკას. სულცბერგერის თქმით, ტრამპთან მთელი საუბრის გამავლობაში ხაზს უსვამდა, რომ თუ არ მოსწონს მისი ადმინისტრაციის საქმიანობის გაშუქება, შეუძლია ეს მთელ მსოფლიოს უთხრას, მაგრამ უნდა გადახედოს ზოგადად მედიაზე სიტყვიერ თავდასხმებს, რადგან ეს საშიში და ზიანის მომტანია მთლიანად ქვეყნისთვის.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ გამომცემლის ამ განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისი ადმინისტრაციის საქმიანობის კოლოსალური, დადებითი შედეგების მიუხედავად, მედიის მიერ გაშუქების 90% უარყოფითია და ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს მედიისადმი დაბალი ნდობა. ტრამპმა ამ კონტექსტში მოიხსენია „ვაშინგტონ პოსტი“და „ნიუ-იორკ ტაიმსი“ და განაცხადა, რომ საგაზეთო ინდუსტრია კვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG