Accessibility links

სმითების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გამოძიების მიმართ ეჭვს გამოთქვამს


სმითების ოჯახი

ხადის ხეობაში სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, პროკურატურას საქმისადმი არაკვალიფიციური, ან შეგნებულად არასწორი მიდგომა აქვს. კობაიძემ, რომელიც ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 ივლისს შეხვდა, თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კობაურის პოზიცია უცვლელია, ის ბრალს არ აღიარებს და საუბრობს დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობაზე. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარისთვის გაუგებარი და ბუნდოვანია, რატომ არ არის გამოკვლეული, ვინ გადაადგილდებოდა ტერიტორიაზე, რატომ მიაცემინეს კობაურს იძულების წესით ჩვენება და რატომ არ მუშაობს გამოძიება სხვა ვერსიაზე. „პროკურატურა არ ცდილობს, რომ გამოძიება ყოველმხრივ და ობიექტურად აწარმოოს და თუ აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორდა, აშკარა იქნება, რომ ბრალდების მხარე ამ საქმის შეთითხვნას და კობაურისთვის დაბრალებას ცდილობს, რასაც დაცვის მხარე არ დაუშვებს“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. მან უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გამოძიებაში ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით 9 ივლისს დააკავეს 20 წლის მწყემსი მალხაზ კობაური.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG