Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ღირსეული პარტნიორის" მონაწილეებს საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს


"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროები ვაზიანის აეროდორომზე. 2018 წლის 1 აგვისტო
"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროები ვაზიანის აეროდორომზე. 2018 წლის 1 აგვისტო

„თქვენ დგახართ იმ მიწაზე, იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით აღადგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლების, “ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მონაწილე სამხედროებს. პრეზიდენტის განცხადებით, წვრთნების მონაწილე ქვეყნების მეგობრობა მიმართულია მათი მდგრადობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის დაცვისკენ. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორი სახელმწიფოების სამხედროები ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დგანან მიწაზე, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. „თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტი იმ სტაბილურობის და მშვიდობისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სამხედროებისადმი მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ ემსახურება რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას და არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ. „დღეს გმასპინძლობთ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე და ამ უმძიმეს გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიული ღირებულებები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, სწავლება სასარგებლოა ყველა მონაწილე ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების და ურთიერთნდობისთვის. პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ს და სხვა ნატოელ პარტნიორებს. „ისტორიულად, საქართველო არასოდეს ყოფილა განებივრებული მის ტერიტორიაზე მეგობრული ჯარების ყოფნით და ახლა ჩვენ თვისებრივად ახალი ისტორიული რეალობის მომსწრე ვართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და რეგიონი დღეს უფრო დაცულია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მან აღნიშნა, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ბოლო ათ წელიწადში საქართველო გახდა კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო, რაც შეიარაღებული ძალების დამსახურებაცაა. „ჩვენი პარტნიორობა მიმართულია რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. მნიშვნელოვანია, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები. ჩვენი საერთო პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო და მეგობრულ საგარეო პოლიტიკას” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მრავალეროვნულ სწავლებაში “ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობს საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალების 3000-ზე მეტი სამხედრო. სწავლება 15 აგვისტომდე გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG