Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია, რატომ ჰქონდათ ცივი იარაღი კოჯორში ჯარისკაცებს შორის მომხდარი კონფლიქტის მონაწილეებს


სამხედრო პოლიციის გამომძიებლები განაგრძობენ მუშაობას კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში, სადაც 1 აგვისტოს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს შორის. დაშავდა ხუთი სამხედრო მოსამსახურე, მათგან სამს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ყველა ჯარისკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურში გადაიზარდა, სამხედროებს შორის დაიწყო სიგარეტის მოსაწევად განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე. ბაზერაშვილის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას გამოყენებული არ ყოფილა სამხედრო ხიშტ-დანები. შეკითხვას, საიდან ჰქონდათ ჯარისკაცებს ცივი იარაღი, ირაკლი ბაზერაშვილმა უპასუხა, რომ გარემოებები ზუსტდება. მან დაადასტურა, რომ სამხედრო მოსამსახურებს ცივი იარაღი არ უნდა ჰქონოდათ. გამოძიება ჯერჯერობით ვერ ასახელებს დაპირისპირების მოტივსაც.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილეები და თვითმხილველი მოწმეები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG