Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აუცილებელი ტექნიკა საქართველოშია


ფოთის საზღვაო ნავსადგურში შევიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად აუცილებელი მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ჰოლანდიური საზღვაო-საინჟინრო კომპანიის Van Oord-ის მიერ როტერდამის საერთაშორისო პორტიდან გამოგზავნილი პირველი გემი დატვირთულია სპეციალურად მოდერნიზებული მძიმე ტექნიკითა და სადრენაჟო სისტემით. კონსორციუმის ცნობითვე, ორ კვირაში შავი ზღვის სანაპიროს მოადგება Van Oord-ის მეორე გემი, ხოლო სექტემბრის პირველ კვირაში ანაკლიაში შევა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი, „ათენა,“ რომელიც საქართველოსთვის უპრეცენდენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოებს შეასრულებს.

„მალე ყველანი ერთად გავხდებით ურთულესი საზღვაო საინჟინრო სამუშაოების მომსწრენი. მაგალითისთვის, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტერიტორიაზე მოხდება 3500 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟო მილების ჩალაგება ყოველ 1,5 მეტრის დაშორებით 10 მეტრის სიღრმეზე, ხოლო გემი „ათენა“ ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს” - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. საზღვაო-საინჟინრო სამუშაოებს ატარებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Van Oord-ი, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG