Accessibility links

ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ყოფილმა საქმიანმა პარტნიორმა ამხილა


რიკ გეიტსი

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი პოლიტიკური კონსულტანტის, პოლ მანაფორტის ყოფილმა საქმიანმა პარტნიორმა, რიკ გეიტსმა სასამართლოს მისცა ჩვენება, თუ როგორ ეხმარებოდა მანაფორტს გადასახადებისთვის თავის არიდებაში და თავადაც როგორ მიითვისა თანხის ნაწილი. ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიის ფედერალურ სასამართლოში გეიტსმა აღიარა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაუმალეს უცხოურ ბანკებში ანგარიშების არსებობა. რიკ გეიტსის მტკიცებით ის მოქმედებდა მანაფორტის დავალებით და 2006-2014 წლებში, უკრაინაში მუშაობის პერიოდში კანონი რამდენჯერმე დაარღვია. გეიტსის ჩვენებით, მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენები მანაფორტს პოლიტიკური კონსულტაციებისთვის უხდიდნენ მილიონობით დოლარს, რომელიც ირიცხებოდა ძირითადად კვიპროსზე დარეგისტრირებული კომპანიების ანგარიშებზე და მათი მეშვეობით ხდებოდა ფულის გათეთრება. რიკ გეიტსმა აღიარა, რომ მანაფორტის კუთვნილი ოფშორული ანგარიშებიდან თავადაც მიითვისა დაახლოებით 100 ათასი დოლარი.

პოლ მანაფორტის უკრაინელი კლიენტების სიაში პირველ ადგილზეა მილიარდერი რინატ ახმეტოვი, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ მთავარი სპონსორი იყო. ამავე სიაშია იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მილიონერი სერგეი ლავოჩკინი, რომელმაც პოლ მანაფორტს პოლიტიკური კონსულტაციებისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადა კვიპროსის ოფშორული კომპანიების მეშვეობით. მანაფორტის კლიენტებს შორისაა რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკაც, რომელმაც კვიპროსზე გადარიცხა 10 მილიონი დოლარი.

პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესი 31 ივლისს დაიწყო. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად ედება ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისგან მიღებული მილიონობით დოლარის გათეთრება, გადასახადების დამალვა და აშშ-ის მთავრობის მოტყუება. პოლ მანაფორტის საქმეს იძიებდა სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი. მისი ოფისის მონაცემებით, უკრაინაში მუშაობის პერიოდში მანაფორტმა მიიღო 60 მილიონ დოლარზე მეტი, საიდანაც 30 მილიონი გაათეთრა ოფშორული ზონების მეშვეობით. თავად პოლ მანაფორტი ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG