Accessibility links

ათი წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან


ომს გაქცეული მოხუცები და რუსული მძიმე ტექნიკა გორთან. 2008 წლის აგვისტო

ათი წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომელმაც 400-ზე მეტი ადამიანის, მათგან 170 სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილად იქცა 30 ათასამდე ადამიანი. რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის და მის შედეგად საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაციის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცედენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ათი წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ამის ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოჰყავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელშიც მონაწილეობს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო და ასობით სამხედრო ტექნიკა. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს არის „უპრეცედენტო ხასიათის მცდელობა რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ომიდან 10 წლის თავზე რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. „სრულად უგულვებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში” - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო-პოლიტიკური უწყება შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო და აცხადებს, რომსაოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება და ადამიანების მუდმივი გატაცება და უკანონო დაკავება ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. „ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები აერთიანებს ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევა და მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას“ - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა კი ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს და ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. საქართველო სრულად იცავს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და ასრულებს ცალმხრივად აღებულ, ძალის არგამოყენების ვალდებულებას. საშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“

საგარეო-პოლიტიკური უწყება ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო საზოგადოების ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიმართ და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG