Accessibility links

შსს-მ გახსნილად გამოაცხადა გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გახსნილია გადამდგარი გენერლის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაცით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს 1981 წელს დაბადებული გ.ჭ. მეზვრიშვილის განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა.“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობითვე, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის მოხდა შელაპარაკება ფინანსურ საკითხებზე, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს მიაყენა რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე ადგილზე გარდაიცვალა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.

გადამდგარი გენერალი, რუსთავის „სტამბოლის ბაზრის“ დირექტორი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს მოკლეს. 17 იანვარს დააკავეს ყოფილი პროკურორი, რუსთავის მერიის გაწვევის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. ჭანტურია ამავე საქმეზე ხელმეორედ დააკავეს 7 აგვისტოს, ღამით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG